пятница, 13 ноября 2015 г.

თეკლა მუსერიძე

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოსწავლეები მყავს!!!

თეკლა მუსერიძე - მერვე კლასი 

* * * 
ის ისევ და ისევ მიიწევდა წინ და წინ და წინ და ისევ წინ. შეუჩერებლად, შეუყოვნებლად და ისევ, და წინ. და მან მიაღწია.
 და როდესაც მიაღწია, ის შეეჯახა.
და შეეხაჯა და ასე დაიწყო. არაფერმა შვა ყოველივე.
და ყოველივე ოდესღაც იქცევა არაფრად.
და ისევ და ისევ წინ!..
პირველი შეჯახება, პირველი გამართლება და თავდაპირველად იქმნება სხეული.

„იყო საღამო, იყ დილა“.
-         დაბადება პირველი;


გაახილა თვალი, გაშალა ხელები, შეხედა ახალ, უცხო გარემოს; მოეწონა. გაიაზრა და...
შეეშინდა!
პირველი იყო შიში.
თვალებიდან ვერცხლის შადრევნები ღვარა, ღვარა, დატბორა ყოველივე. შემდეგ,დაწყნარდა. თვალები უფრო ფართოდ გაახილა და ყოველივე დაინახა, აღიქვა, დააინტერესა. და მან შეისწავლა, შეიმეცნა, - მისი ტბა ზღვად გადაიქცა.
გამდიდრდა ზღვა ათასნაირი მცენარით, თევზით, ცხოველით; სულ ფერად-ფერადებით. და ის მიხვდა, რომ მან არსებობა დაიწყო.
ადგა და შეარქვა მას ცხოვრება.
ეს იყო მისი ახალი ცხოვრება, ახალი გზა, ახალი მიზანი.
და იშვა მისი „მე“;
      ჩამოყალიბებული „მე“.
„იყო საღამო, იყო დილა“.
-         დაბადება მეორე;


და გაუდგა იგი გზას,
     გზას ცხოვრებისკენ,
გზას სრულყოფილებისაკენ;
    გზას, ახალი ურთიერთოებისკენ,
სიყვარულისკენ, სიკეთისკენ,
სილამაზისკენ.
გაიცნო ხალხი, შეითვისა ისინი. აღმოაჩინა „სხვა“, „შენ“, „ის“, „ისინი“ და „ჩვენ“.
   რა ჰპოვა მან „ჩვენ“, განისვენა.
გარდაიცვალა და შვა ის, სულ სხვა - უფრო ლამაზი, უფრო კარგი, უფრო კეთილშობილი; ბევრად ამაღლებული და მიუწვდომელი.
აქ დაიბადა სული მისი და სრულჰყო მან ცხოვრება.

„იყო საღამო, იყო დილა“.
-         დაბადება მესამე;

ეპილოგი

და ჩვენ გავუდექით გზას. ჩვენს ბნელ, უკუნ გზას, მაგრამ ისიც გვყოფნიდა, რომ სადღაც, შორს, მაღლა ჩვენთვის ერთადერთი წერტილი ანათებდა, ბჟუტავდა, მაგრამ გზას მაინც ანათებდა.
და ჩვენ ვიყავით საუკეთესო ტრიო: სხეული, მე და სული...
ჩვენ დინჯად, კმაყოფილნი მივიწევდით წინ.
და მე ვიცი, როდესაც დავბრუნდები, სექსტეტი დავბრუნდები და ცოტა ხნის შემდეგ,
მეტტეტი გავხდები..
„იყო საღამო, იყო დილა“
-         დაბრუნება.

ნაწყვეტები:

·         რამდენად მიყვარხარ? სიყვარული კილომეტრებით რომ იზომებოდეს, გეტყოდი, რომ იმაზე მეტად, ვიდრე მზიდან პლუტონამდეა მანძილი; თუ მასებით იზომება, გეტყვი, რომ ჩემი გრძნობა მთელ სამყაროზე მძიმეა; თუ მეტყოდი, რომ იგი ნიუტონებში უნდა გავზომო, ყველაზე დიდ F-ს გამოვძებნიდი შენთვის; თუ მეტყვი, რომ მას ატომური შედგენილობა აქვს, თითოეულ მათგანს შენს თვალწინ გავხლეჩ... შენთვის არჩევნის უფლება მომიცია, განსაზღვრე რა არის იგი, მაგრამ მე გეტყვი, რომ სიყვარული.. ეს ჩემთვის შენ ხარ! ყოველდღე შენი თვალების ისევ ცქერა, ისევ ტკბობა შენი მშვენებით, შენი შეგრძნება და შეთვისება, აი ესაა სიყვარული ჩემთვის და აი ამდენად მიყვარხარ მე. - ხელები გაშალა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალებდახუჭული მომეხვია. უკვე ვქვითინებდი...
              ამ დღის შემდეგ, ჩვენ უკვე ყოველ შემოდგომას ვხვდებოდით. ხელიხელ      ჩაკიდებულები მივსეირნობდით ყვითელ ქუჩებში. მას, როგორც ყოველთვის, შემოდგომის ნისლიანი სურნელი ჰქონდა, შემოდგომასავით დაბურული იყო მისი მღვრიე თვალებიც. ყოველთვის, როდესაც მეხვეოდა, ცდილობდა მთელი სხეულით მომკრობოდა, და ეს არიყო მხოლოდ ფიზიკური სიახლოვის შეგრძნებისკენ ლტოლვა; ეს იყო მცდელობა, მთელი არსებით ჩემს სულში ჩამძვრალიყო და მშვიდად, ტაატით ესეირნა ჩემი სულის ლაბირინთებში, უნდოდა აეთვისებინა მისი გზა-კვალი, თავით ფეხებამდე შერწყმოდა მას.

ახლა, მინდა გაზაფხული იყოს, ენძელების და მერცხლების გაზაფხული. ჟღურტულა და ასაფერადებელი გაზაფხული, ჩვენ რომ გვიყვარდა და გვიხაროდა; რომ შევხაროდით და ვნატრულობდით.. მაგრამ ჩვენ ის შემოდგომაც გვიყვარდა, მომაკვდინებელი სილამაზე და ღაჟღაჟა ბროწეულები რომ მოჰქონდა.. და ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა ცხოვრებაც.     
სავარაუდოდ ეს უკანასკნელი რომელიმე მოთხრობიდან მაქვს შემორჩენილი, მაგრამ ორიგინალებს ვერ მივაკვლიე L


·         და ამ ისტორიას მე მაინც ჩემებურად მოვყვები:
ერთ მშვენიერ (როგორც „მეზღაპრეები“ იტყვიან) გაზაფხულის დღეს (თუმცაღა ნოემბერი იყო)... მგონი ეს დასაწყისი არ გამოდგება... უბრალოდ ვთქვათ, რომ ნოემბრის ამ დღეს, როდესაც თბილისი ფოთლების ზღვაში იძირებოდა, სიცივეც არანაკლებ შემოგვპარვოდა, მზე კი უტიფრად მაინც თავზე გვედგა, ქუჩაში მძიმედ მიაბიჯებდა შუახნის, უწვერულვაშო, მელოტი კაცი; პალტოს ჯიბეში საგულდაგულოდ ჩაჩურთული ახალგაუთოვებული ცხვირსახოცითა და ამოიღლიავებული საქაღალდით. მოდი, ამ კაცზე ჯერ ნურაფერს ვიტყვით. ჯობს, ავტორისაგან საგულდაგულოდ ამორჩეულ-გამოკვლეული პეიზაჟებით დავტკბეთ - თუნდაც ყვითლად შეღებილი თბილისის ქუჩები, ხეები, რომელთაც სიშიშვლის შერცხვენოდათ, მაგრამ კიდურებს ვერ აწვდენდნენ ტანს, ამიტომაც თავდახრილნი მორცხვად იდგნენ. ცა აჭრელებულიყო - თითქოს ბავშვებს ცისფერ-ლურჯ  ფერებში დაეტუტყნათ, მოეთხუპნათ, კუთხეში დიდი, მოკაშკაშე და ურჩი მზე დაეხატათ, ღრუბლებად კი დაფშხვნილი ცარცი მიმოეპნიათ. მეტეხი ამაყად და მედიდურად გადმოსცქეროდა არემარეს, აქეთ-იქით იყურებოდა და თითქოს ბუზღუნებდა. ძალიან რომ არ დაგვეჩაგროს, შეგვიძლია ჩვენს მელოტ მეგობარზე გადმოვერთოთ, თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, ნუ მიივიწყებთ ამ პეიზაჟს.
დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა (იქნებ რა აქვს ამ ჩვენს პალტოიან მეგობარს სათქმელი), უცებ გეტვით, როგორ გადაირბინა კაცმა მეტეხის ხიდი და ქუჩას ზემოთ აუყვა. შემდეგ პირველივე შესახვევში მარჯვნივ, კიდევ მარჯვნივ, კიდევ მარჯვნივ და მარჯვნივ იარა და 7სართულიან კორპუსთან გაჩერდა. სანამ სადარბაზოში შევიდოდა კორპუსი კარგად დაათვალიერა, - თავისი შესაძლებლობები (და ალბათ მეხსიერებაც) შეამოწმა და როდესაც ჭეშმარიტებაში დარწმუნდა მძიმედ შეალაჯა. ლიფტი გამოიძახა და როდესაც დარწმუნდა, სახიფათო არაფერიაო, მსუბუქად შეხტა შიგნით. თუმცა, ვერ გეტყვით, გუმანმა მთლად გაუმართლა-მეთქი, - ლიფტი მესამე სართულზე გაჩერდა. კაცი მარდად გამოხტა კაბინიდან, წელში გაიმართა და კიბე სწრაფად აირბინა. მეხუთე სართულზე რომ ავიდა, გაჩერდა, სული მოითქვა და როდესაც გული და სუნთქვა მწყობრში ჩაუდგა, სათვალე გაისწორა, პალტოს ღილები შეიხსნა, ჯიბიდან ამოღებული ცხვირსახოცით მელოტ თავზე დაპკურებული ოფლის წვეთები მოიწმინდა, შემდეგ საგულდაგულოდ დაკეცა, ისევ ჯიბეში ჩადო და სანამ კარზე დააკაკუნებდა ჩაახველა.

ესეც „შესანიშნავი ისტორია“, რომელზე მუშაობაც დიდი ენთუზიაზმით დავიწყე და ვნახოთ, რა გამოვა... ეს შესავალია და ვცდილობ, რაც შეიძლება საინტერესოდ და აზრიანად გავაგრძელო. თუ დავასრულებ, აუცილებლად მოგაწვდით სრულ ვერსიას! ^_^


პ.ს. - უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისათვის, ნდობისთვის... მასალებს უკვე გავეცანი და ვეცდები, მაქსიმალურად მალე დავიწყო მუშაობა. ვფიქრობ, შევძლებ გავამართლო თქვენი იმედები. ^^ :3 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!



 პირიქით, თეკლა! უღრმესი მადლობა შენ!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий