понедельник, 23 марта 2015 г.

შარლოტა კვანტალიანი

 

შარლოტა კვანტალიანი

პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; ფოლკლორისტი; უნივერსიტეტის დოცენტი; ჟურნალისტი, ,,კალმასობის’’ მთავარი რედაქტორი; არაერთი გამოკვლევისა და ლექსთა კრებულის ავტორი... სამი შვილის დედა.







* * * 
პანტუმი, ტრიოლეტი, სონეტი, რონდო, ვილანელი.... უამრავი სალექსო ფორმა, ათასგვარი რიტმი, ახალ-ახალი რითმები... ორიგინალური შედარებები და მეტაფორები, მოულოდნელი სიტყვათშეხამებანი, საოცარი პოეტური სახეები, მრავალფეროვანი თემები და განწყობილებები... ერთმანეთს უჩვეულოდ შერწყმული ქალური სიფაქიზე და სულის სიკერპე-სიმტკიცე. ეს ყოველივე ქმნის ერთ მთლიან, განუყოფელ, ზღაპრულ სამყაროს, რომელსაც, შარლოტა კვანტალიანის პოეტური სამყარო ჰქვია.
 ...ხან ,,ღრუბლის კიბეს მიუყვება ბარბაცით’’ მზისფერი აბრეშუმით შემოსილი, ხან სინანულით იწმენდს ცრემლებს ,,მხიარული ვარსკვლავების მალულად’’...
...ხან ფორიაქით, ძიებითა და მოუსვენრობითაა აღსავსე და გვეკითხება:
,,თქვენ ხომ არ იცით,, ის სიხარული, მე რომ სახლში არ შემოვუშვი, ვისთან წავიდა?’
 ...ხან ,,სიყვარულის დაუჟანგავ თორანს’’ იცვამს და ,,ბედისწერის ვამპირს’’ ეჯიბრება...
ხან ,,საფრთხობელას მოჰგავს იმედების დაფლეთილი კალთა’’ და კივის პოეტის ნამეხარი სული... ხან იმედოვნებს, რომ ,,ბრინჯაოსფერ მოლოდინს დასასრული ექნება’’ და ,,სიმშვიდე წვიმასავით წვიმისფერი მოვა’’...
...საოცარია მისი პოეტური სახეები:
,,ვარსკვლავები წყალში ჯეჯილივით აყვადა’’.  ,,ელვასავით ამიყვავდა ტუჩზესანატრელი, დაკარგული სახელი’’. ,,თვალღია მძინავს, როგორც შიმშილს გამაძღარ მგელში’’. ,,იმედიერთგული გადია’’.
მის ლექსებში იხილავთ ცას - ,,ვარსკვლავებით სავსე ვიტრინას’’; მოცელილ ნატვრის ხეებს; ,,ცისფრად სევდიან ვალსებს’’; ,,გემის გვამსა’’ თუ ,,ცის გაცრეცილ აკვარელს’’...
პოეტის მონატრება ,,მზის გულივით ცხელია’’... ზოგჯერ იმდენად მტანჯველი, რომ ათქმევინებს: ,,მე მონატრებამ ჩამასო ბრჭყალი’’.
...ჰყივის მისი ნამეხარი სული, უფსკრულის ნაპირებს ტორავს, იბრძვის, მაგრამ არასდროს ნებდება, არასდროს ისვენებს... ყოველდღიურიბით იღლება და ამბობს:
,,როგორ მეხვევა უსაშველოდ თავბრუ ყოველდღე მტვერით, ხმაურით, ლექსით, იზმებით’’...
მაგრამ მაინც ბედნიერია, რადგან დღემდე შემორჩა პირველი სიზმრების გემო და ამ სიზმრების პრემიერაზე მკითხველსაც ეპატიჟება...
...ქართული სიტყვა ეჟრუანტელება, ეანდამატება... ქართულ სიტყვას ეფიანდაზება, რადგან იცის, რომ ,,ცაშია სიტყვის აკვანი’’. ამიტომაც მიჰყვება ზეცის კიბეს და სრულიად ავიწყდება მიწა. ამიტომაც ძალუძს იბედნიეროს და მკითხველსაც აგრძნობინოს, რომ ,,სიყვარულს არა აქვს საზღვარი, სიყვარულს არა აქვს სასრული’’...
  
ნინო ნასყიდაშვილი



შარლოტა კვანტალიანი ლექსები და სხვა.....

Комментариев нет:

Отправить комментарий